ბაღათურია ბასის განცხადებას ობიექტურს უწოდებს
ბაღათურია ბასის განცხადებას ობიექტურს უწოდებს
13:32 05.04.2012
პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებას ივანიშვილის მოქალაქეობასთან  დაკავშირებით ობიექტურს უწოდებს და ხელისუფლებას მიმართავს დიპლომატის განცხადებას სათანადო ყურადღება მიაქციოს.
"დიპლომატის ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ აღდგეს სამართლიანობა და ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგეს", – განუცხადა "ნიუსპრესს" ბაღათურიამ.
მისივე შეფასებით, სააკაშვილმა და მისმა რაზმა მრავალი კორუფციული სახის დანაშაული ჩაიდინა და ახლა მზად არიან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი გადადგან.
"ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ გუშინდელი გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გაღიზიანება რათა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი გვევლინება როგორც შტატიანი პროვოკატორი. ამიტომ მოვუწოდებ მის გუნდს შეჩერდნენ" – განაცხადა ბაღათურიამ.
საქართველოში აშშ–ის ელჩი ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი წარმართოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმართოს სწრაფად.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოსცა.
ამ დასკვნის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.

ბეჭდვა