პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკაში მოსვლის ნახევარი წლის შედეგები შეაჯამა
და განაცხადა, რომ ამ დღიდან ზუსტად 6 თვის თავზე უთხრეს უარი მოქალაქეობაზე.
"ვეცდები პარალელები გავავლო რა მოხდა 6 თვის განმავლობაში და იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლა" - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრის უსუსური დასვნით მისთვის მოქალაქეობის არმიცემასთან დაკავშირებით, ყველა ეჭვი გაიფანტა იმის თაობაზე, რომ თავის დროზე მოქალაქეობა სამართლიანად ჩამოართვეს.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო შიშზე დაფუძნებული და ერთი პიროვნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, მან 6 თვის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკა ერთ ადამიანს აქვს მონოპოლიზებული და ხელისუფლებაც ერთ კაცზეა მორგებული. ივანიშვილის განმარტებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ განიცდის ძალადობას სააკაშვილისგან თითოეული სახელმწიფო სტრუქტურა.
ბიზნესმენის თქმით, პროკურატურაზე ზეწოლაზე მოწმობს "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებული ამბავი. მისივე თქმით, მანქანა დააკავეს, შემდეგ ისევ ჩუმად დააბრუნეს, რადგან ყველაფერი წესრიგში იყო და ვერაფერი ნახეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა.
რაც შეეხება პარლამენტს, ივანიშვილის შეფასებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომლის საშუალებით მხოლოდ ერთ ბანკზე მოახერხეს ზეწოლა და 200 მილიონი ლარი მხოლოდ ერთი ბანკიდან ამოიღეს. "ეს იმაზე მეტყველებს თუ როგორ ასრულებს პარლამენტი ერთი კაცის დაკვეთებს" - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ზეწოლა ხორციელდება პოლიციაზეც და სასამართლოზეც, რადგან სასამართლოში შეტანილი ათეულობით საქმიდან ჯერ არც ერთი განუხილავს. მაშინ როცა, მისივე თქმით, სააკაშვილის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებს უსწრაფესად იღებს.
კოალიციის ლიდერმა მედიაზე ზეწოლის პარელელურად საკუთარ თავზე ზეწოლაზეც ისაუბრა და განაცხადა - "საშინელი ძალადობა განხორციელდა ჩემზე და ამის დანახვა იოლია. წარმოიდგინეთ, რამხელა შიშის და სტრესის ქვეშაა სააკაშვილი. მან კარგად იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და ძალადობს" - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეცდება გამოიყენოს თავისი გამოცდილება და ცოდნა ფსიქოანალიტიკაში, რომ სააკაშვილმა მაქსიმალურად სწრაფად აჩვენოს თავისი სახე.
