პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" სხვა მოქმედებას
დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება დღეს ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.
ადვოკატის თქმით, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, შესაძლოა, "ქართულმა ოცნებამ" ის გაასაჩივროს.
"იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტისადმი რეკომენდაცია იყო და სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია ის გაიზიაროს ან არ გაიზიაროს" - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა დღეს იწურება.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.
