ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მისთვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების თაობაზე სამოქალაქო რეესტრის გუშინდელ დასკვნას უსუსურს უწოდებს.
ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
"სამოქალაქო რეესტრის დასკვნა იმდენად უსუსური და უაზრო იყო, რომ ამაზე საუბარს და ამის ახსნას არ დავიწყებ" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ვისაც ჰქონდა ეჭვი, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლიანი იყო, ამ დასკვნით გაიფანტა.
"ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და შემდეგ მოქალაქეობის მოცემაზე უარის თქმა, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ არის პოლიტიკა ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მონოპოლიზებული" - განაცხადა ივანიშვილმა.
იგი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ პანიკურ შიშშია ხელისუფლება.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.
