პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 21 აპრილს დაფუძნდება. ამის შესახებ დღეს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი კვლავ რჩება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ დააფუძნებს ივანიშვილი პარტიას საქართველოს მოქალაქეობის გარეშე, მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განმარტებით, კოალიცია იმედოვნებს, რომ 21 აპრილამდე ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენენ.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მოგვიანებით კოალიცია "ივანიშვილი ქართული ოცნება" ჩამოყალიბდება, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.
