„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერი, დეპუტატი გიორგი თარგამაძე დღეს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, რაც
ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ლეგიტიმურად მონაწილეობის მისაღების საშუალებას მისცემს.
გიორგი თარგამაძის ინიციტივაა - საქართველოს პარლამეტმა მიიღოს კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმურად წარმოების უფლება მიცეთ.
დეპუტატის განმარტებით, ეს მეთოდი საზღვარგარეთ აპრობირებულია და წარმატებით ხორციელდება ბელგიაში.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ყველანაირი პრობლემა მოეხსნება და ექნება უფლება პარტიას უხელმძღვანელოს და არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.
დღევანდელი ინიაციატივა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას დაუკავშირეს. სამოქალაქო რეესტრის დასკვნის თანახმად, ივანიშვილს უნდა მოეთხოვა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება და არა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება.
თარგამაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას არ აპირებს. პირიქით, ის ცდილობს პროცესები რადიკალურ და კონფლიქტურ ფაზაში შევიდეს, სადაც ხელისუფლება, მისივე თქმით, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.
მისი თქმით, ივანიშვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოქალაქეობა, რათა პოლიტიკური პროცესები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართოს.
თარგამაძის განცახდებით, ამ ინიციატივას ის უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობას მიაწვდის.
როგორც მან აღნიშნა, ინიციატივას მოწინააღმდეგე უფრო ხელისუფლებაში ეყოლება, ხოლო ივანიშვილის მხრიდან მას სავარაუდოდ, დადებითი შეფასება მოჰყვება.
