ფილიპ დიმიტროვი პარტიების შესახებ კანონზე შეთანხმებას კარგ მაგალითს უწოდებს
ფილიპ დიმიტროვი პარტიების შესახებ კანონზე შეთანხმებას კარგ მაგალითს უწოდებს
18:15 04.04.2012
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის მოსაზრებით, პოლიტიკურ პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსა და  არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება მოხდა, რაც კარგი მაგალითია.
აღნიშნული კომენტარი დიმიტროვმა დღეს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დახურულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე ისაუბრეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმების შედეგად მომზადდა.
დიმიტროვის თქმით, პარლამენტმა არასამთავრობოების შენიშვნების უმეტესი ნაწილი განიხილა და მიიღო. მისივე შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ქვეყანას დემოკრატიულ სტანდარტებთან აახლოვებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, კანონში „დაკავშირებული პირის“ ცნება აღარ იქნება.
ასევე პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს.

შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.




ბეჭდვა