კოალიცია „ქართული ოცნება“ სამოქალაქო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკანონობაზე დაფუძნებულს უწოდებს.
როგორც დღეს „ქართული ოცნების“ პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, რეესტრის დასკვნასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ხვალ ცენტრალურ ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და დეტალებზე ისაუბრებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული განცხადება შიშსა და ტყუილზეა დაფუძნებული, რადგან ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტის შეეშინდა.
იგი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ გეგმებში არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი კოალიციის ლიდერად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დარჩება.
„ივანიშვილისთვის მოქალაქეობის თავის დროზე ჩამორთმევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ხელისუფლებას კონკურენტის გამოჩენის შეეშინდა, ახლაც ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან სააკაშვილმა კარგად იცის ხალხის განწყობა და იცის რეალური რეიტინგები “ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
