კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან წერილობით პასუხს ელოდებიან.
ამის შესახებ „ნისუსპრესს“ კოალიციის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხდა.
მისი თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ზუსტი არ არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი ციდან ვერ ჩამოვარდება, ის უკვე არის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე და ითხოვს ნატურალიზაციის პროცედურების გავლით მოქალაქეობის მიღებას“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი განმარტებით, განსხვავება ნატურალიზაციასა და დაბადებით მოქალაქეობის მიღებას შორის დიდია. ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი, უკვე არის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე და მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ითხოვს.
„ის, რომ ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი განცხადების შევსების დროს აუცილებლად უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, ეს პრეზიდენტის ბრძანებულებითაც დასტურდება“- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ბრძანებულებაში მითითებულია, რომ პირმა თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა უნდა დააფიქსიროს მზად არის თუ არა დატოვოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში.
ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მათ ყველა საჭირო განცხადება შეავსეს და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
„ამ საბაბით უარის თქმა, ეს არის სასაცილო და უკანონო, ეს არის ეშმაკური განცხადება, რომელიც უკავშირდება დროის გაჭიანურებასა და უკანონობას“ - აღნიშნავს ქუცნაშვილი.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ იუსტიციის სამინისტროს განცხადების წერილობითი სახით ჩაბარებას დაელოდებიან და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გამოსცა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით კი - ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
