დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია იტალიის ქალაქ ბარში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის სამინისტროს სახელმწიფო აპარატიდან აცნობეს, შეხვედრა ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის კონცერტის დაწყებამდე, ქალაქ ბარის Cinema Teatro Royal-ში გაიმართა.
მომღერალი ბარში ქართული დიასპორის მიწვევით იმყოფებოდა. მის კონცერტს 700-მდე ქართველი ესწრებოდა.
დავითაიამ ბარის ქართულ დიასპორას „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონი გააცნო. ასევე, იმ პროგრამებსა და ინიციატივებზე ესაუბრა, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარე წელს ახორციელებს.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, 2012 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს.
