„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში - „უფლებების ჩამორთმევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებს ასახავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ადამიანთა უფლებების ცენტრიდან“ აცნობეს, ანგარიში წლის განმავლობაში განხორციელებულ იმ ცვლილებებს მოიცავს, რომლებიც ბუნდოვანი ტერმინოლოგიითა და გაუმართლებლად მკაცრი სანქციებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.
ანგარიშის თანახმად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ბუნდოვანი ტერმინოლოგია პირადი მონაცემების დაცვას საფრთხეს უქმნის. „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილი ბოლო ცვლილებები კი, კანონის უზენაესობას არღვევს, რომლებიც ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
ცენტრის ცნობით, ანგარიში ასევე, ასახავს 2010 წლის სექტემბერში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს, რომლის ბუნდოვანი ფორმულირება სასამართლოს ნებართვის გარეშე საგამოძიებო ორგანოებს დახურული ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
ანგარიში წლის განმავლობაში გამართული აქციების დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებსაც განიხილავს.
„პოლიტიკური რეპრესიები“ - ანგარიშის აღნიშნული თავი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ წინააღმდეგობებს, კერძოდ კი, მოქალაქეობის ჩამორთმევას, მისი კუთვნილი კომპანიებისთვის სამართლებრივი პრობლემების შექმნას სხვა მსგავს ქმედებებს აერთიანებს.
ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემებზე, მათ შორის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის საგანგაშო სტატისტიკასა და არაადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე.
„ადამიანთა უფლებებათა ცენტრის“ 56 გვერდიან ანგარიშში, სასამართლო სისტემის პრობლემების, დევნილთა გამოსახლებისას დაფიქსირებული დარღვევებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებებია აღწერილი.
