პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთა სადეპუტატო ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევის შესახებ ცვლილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ასაკის დაწევას აღნიშნული ცვლილების ინიციატორები, ახალგაზრდების წახალისებად და მხარდაჭერად აფასებენ.
„ქვეყანაში, სადაც 21 წლის ახალგაზრდას დღევანდელი სტანდარტებით პრაქტიკულად სწავლა დასრულებული არ აქვს, დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ამ ასაკის ახალგაზრდები იღებდნენ, მით უმეტეს იმ ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდები, სადაც არ არსებობს ობიექტური ინფორმაციის წყარო და მთელი თაობა „ნაციონალური მაუწყებლობების“ მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობაში აღიზარდა“ - აცხადებენ „დემოკრატიულ მოძრაობაში“
მათი თქმით, ქვეყანაში, სადაც 300 000 პრობაციონერიდან 70% ახალგაზრდაა და სადაც სტუდენტების უდიდეს ნაწილს განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება უკანონოდ აქვს ჩამორთმეული, ვერავინ დაიჯერებს, რომ ამ ნაბიჯით ახალგაზრდობის წახალისებას ცდილობს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების უფრო აქტიურად ჩართვას სტუდენტურ თვითმმართველობებში, რომლებიც დღეს რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალებს წარმოადგენენ და რომლებიც არსებულმა რეჟიმმა სტუდენტთა ურთიერთდაპირისპირებისა და დაშინების იარაღად აქცია“ - აღნიშნავენ პარტიის წარმომადგენლები.
ახალგაზრდული ფრთა აღნიშნული ინიციატივის დამტკიცებას დაუშვებლად მიიჩნევენ და ყველა ახალგაზრდულ ორგანიზაციას საკუთარი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პარლამენტში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სადეპუტატო ასაკი 25-დან 21 წლამდე მცირდება. ამ ცვლილების ინიციატორი 80 დეპუტატია.
