გელბახიანი პატარკაციშვილის პოლიტმემკვიდრეობის აღდგენას გეგმავს
გელბახიანი პატარკაციშვილის პოლიტმემკვიდრეობის აღდგენას გეგმავს
13:03 04.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველო“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის აღდგენას ასახელებს.  ამის შესახებ დღეს „ჩემი საქართველოს“ პრეზენტაციაზე გამგეობის თავმჯდომარემ ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაცია სამუშაო თემატიკით შეზღუდული არ იქნება, მაგრამ გამოკვეთილი მიმართულებები ექნება. ესენია - იმ პროგრამებისა და პროექტების მომზადება, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული სოციალ-ეკონომიური პრობლემების რეგულაციას და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. პრიორიტეტი მიენიჭება დასაქმებისა და სოციალურ პროგრამებს.
„შევისწავლეთ და გავაანალიზეთ სოციალ-ეკონომიკური სტრუქტურა და აღმოვაჩინეთ, რომ ამ მიმართულებით მომუშავე სუბიექტებში გარკვეული ნაკლოვანებები არის“- განაცხადა გელბახიანმა და განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რაც საკანონმდებლო ინიციატივებთანაა დაკავშირებული.
პოლიტიკურ ძალებთან აქტიური კონსულტაცია დაიწყება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შესაბამისი კანონპროექტების მოსამზადებლად.
„ჩემი საქართველო“ ასევე აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გელბახიანის განცხადებით, ორგანიზაცია აღადგენს პატარკაციშვილის მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულ პროგრამას.

ბეჭდვა