მოძრაობა "ემსახურე საქართველო" ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
როგორც "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ემსახურე საქართველოს" ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის გაფართოების შესახებ განცხადება თავად გააკეთა, ამიტომ, თუ ის იფიქრებს, რომ მისი კოალიციისთვის მურმან დუმბაძე პოზიტიურია, მაშინ მზადაა მასთან ითანამშრომლოს.
"ქართულ ოცნებაში" ჩემი გაწევრიანება არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი. თუ ის ჩათვლის, რომ დუმბაძე მისი საზოგადოებისთვის პოზიტივია და არ არის დესტრუქციული ძალა, ჩვენ შეგვიძლია მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის კოალიციისთვის პოზიტიური როლი ვითამაშოთ", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
მურმან დუმბაძე, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო, ცოტა ხნის წინ პარტიიდან გარიცხეს.
