პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარის მურმან დუმბაძის განცხადების დაზუსტების შემდეგ, მასზე განმარტებებს მოითხოვს.
„არ მომისმენია ეს საუბარი. რა თქმა უნდა, თუ ასე თქვა, დაუშვებელია ასეთი გამონათქვამები, არაკორექტულია. მე აუცილებლად მოვთხოვ მას (მურმან დუმბაძეს) განმარტებებს. თუმცა, ჯერ მინდა გადავაზუსტო ეს ინფორმაცია“ - განაცხადა ივანიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მასალკინმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე განაცხადა, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციებს ემიჯნება. ამავე გადაცემაში მოწვეულმა მურმან დუმბაძემ მის საპასუხოდ აღნიშნა: „ის არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა რა არის საქართველო. ოშკი გაგონილი არ აქვს, ერთი სანთელი არ დაუნთია“.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მურმან დუმბაძე ”ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ინიშნება.
