საქართველოს პარლამენტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა დაიწყო.
სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კომიტეტის დღევანდელი სხდომა იმ გამოცდილებას და პრაქტიკას ეძღვნება, რაც შავი ზღვის ქვეყნებში არჩევნების კუთხით არსებობს.
მაჭავარიანის თქმით, საპარლამენტო დონეზე ჩამოყალიბებული კონტაქტები ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ გაძლიერებას.
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე–სპიკერის პაატა დავითაიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის წესდება განიხილება, რომელშიც ცვლილებები შედის. შემდგომში ეს საკითხი საპარლამენტო ასამბლეაზე დასამტკიცებლად გავა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხვალაც გაგრძელდება. მასზე საუბარი შეეხება ასამბლეის მიერ 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრის მონაწილეები, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებენ.
