ივანიშვილი „ფორბს ჯორჯიასთვის“ მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების წინააღმდეგია
ივანიშვილი „ფორბს ჯორჯიასთვის“ მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების წინააღმდეგია
10:25 04.04.2012
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „ფორბს ჯორჯიასთვის“ მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების წინააღმდეგია.  აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსამდივნომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფორბს ჯორჯია“ ბიძინა ივანიშვილთან რევაზ საყევარიშვილის ინტერვიუს არასრული, დამახინჯებული სახით გამოქვეყნებას გეგმავს.

„ჩვენ „ფორბს ჯორჯიას“ წარმომადგენლები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ საყევარიშვილის თანხმობის გარეშე, წინააღმდეგი ვიყავით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მათ გამოცემაში დაბეჭდვის, ვინაიდან მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, როგორც ჟურნალისტს, რომლისთვისაც ძვირფასია პროფესიული დამოუკიდებლობა“- ნათქვამია განცახდებაში.

პრესსამდივნო განცხადებაში კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას ყველა ჟურნალისტისადმი, ვისთვისაც ძვირფასია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის დაიცავს მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას.

როგორც რევაზ საყევარიშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი, „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორის თანამდებობა მან ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.

სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" კი, რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლების მქონეა, ყოფილი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს.

ბეჭდვა