"ეს შენ გეხება" გაარკვევს მოიწვია თუ არა ხელისუფლებამ ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია
"ეს შენ გეხება" გაარკვევს მოიწვია თუ არა ხელისუფლებამ ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია
18:40 03.04.2012
კამპანიაში "ეს შენ გეხება" ჩართული მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ გაარკვიონ - გაგზავნა თუ არა ხელისუფლებამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით, ეუთო-ში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ ოფიციალური წერილი.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დღეს უკვე მეორედ განაცხადა, რომ სურს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, თუმცა, არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, ეს საკითხი ოფიციალურად დადგა თუ არა.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მოთხოვნის წერილი ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს. თუმცა, ჩუგოშვილის განმარტებით, პასუხი არ მიუღიათ.
იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ წერილი არ გაუგზავნიათ, "ეს შენ გეხება" საჯარო განცხადებებს გააკეთებს და ხელახლა მოუწოდებს ხელისუფლებას ეუთო-ში ოფიციალური მოთხოვნის გაგზავნისკენ.

ბეჭდვა