"ჩემზე დაგეგმილი შესაძლო თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ჩემს აქტიურობას არ შეაფერხებს და საქმიანობას ჩვეულებრივ გავაგრძელებ" - აღნიშნული განცხადება
ივანიშვილმა დღეს გააკეთა.
მისი თქმით, იგი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დეტალების გასარკვევად წარმომადგენლებს გაგზავნის.
ბიზნესმენს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვინ შეხვდება კომახიძეს, თუმცა, მათ ვინაობას არ ასახელებს.
"რა იქნება ხვალ ამის ანალიზს ყოველდღიურად ვაკეთებ. ვფიქრობ, დღეს არ არის ასეთი რეალობა, მაგრამ მომავლისთვის ვემზადები. ხელისუფლებას კიდევ აქვს ეიფორია იმისა, რომ ძალადობისა და დაშინების გზით არჩევნებს მოიგებს. თუმცა, მოგვიანებით როცა გააცნობიერებს, რომ ეს არ გამოვა, ასეთი საშიშროება გაიზრდება" - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერზე მოაწერს ხელს.
"მე ამას ვაცნობიერებ და მაშინაც ვაცნობიერებდი, როცა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არ შეაფერხებს ჩემს აქტიურობას და გავაგრძელებ საქმიანობას" - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გაავრცელა. მისი განცხადებით, ეს შესაძლოა, ივანიშვილის რეგიონებში ვიზიტის დროს მოხდეს.
