ხელისუფლებამ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის სამართლებრივი ბაზის სწრაფი მოწესრიგება დაიწყო. ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მის მიერ გაკეთებული განცხადება ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე პრევენციული ხასიათის იყო. მისივე თქმით, ამ ფორმირებების არსებობა დადასტურებულია.
"რაც შეეხება რუსეთთან ომის საფრთხეს, რამდენიმე თვის წინ იგივე ბოკერიამ განაცხადა, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობს დღეს კი აცხადებს, რომ არსებობს. საქმე მინიმუმ ერთმანეთთან შეუთანხმებელ სხვადასხვა პოზიციასთან გვაქვს" - განაცხადა ალასანიამ.
პარტიის ლიდერმა ეს განცხადებები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერკი ტუომიოიასთან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების - ბიძინა ივანიშვილის, მისი და თინა ხიდაშელის შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მიმდინარეობს.
