აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთს ორი სამხედრო პლაცდარმი უკვე მომზადებული აქვს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" სამხედრო ექსპერტმა,
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც მეზობელი ქვეყანა ფართომასშტაბიან სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო წვრთნას ატარებს, ეს ყოველთვის ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.
"არსებობს მწარე გამოცდილება, როდესაც "კავკასია 2008" ტარდებოდა ჩრდილო კავკასიაში, ვნახეთ რაში გადაიზარდა და საბოლოოდ კი, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ექსპანსიით დასრულდა"- განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა საფრთხე შედარებით გაზრდილია, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ისინი შესაძლოა, სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად პლაცდარმად გამოიყენონ.
ალადაშვილის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სწავლებაში - "კავკასია 2012" მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზები, ასევე მეზობელ სომხეთში დისლოცირებული რუსული 102-ე ბაზა.
ექსპერტის თქმით, რუსეთის სამხედრო წვრთნები აუცილებლად მორიგი ომის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა, დაფიქრებას საჭიროებს.
როგორც ცნობილია, რუსეთი სწავლება "კავკასია 2012-ის" ჩატარებას სექტემბერში გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, სწავლებას სამხედრო სფეროში რეფორმის გატარების მხრივ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება და მასში ჩაერთვება ყველა სახის ელექტრო და კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის საშუალებები, უპილოტო აპარატურა და შეიარაღება.
