ვაშაძე მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში გამგზავრებამდე მისი კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს
ვაშაძე მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში გამგზავრებამდე მისი კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს
16:02 03.04.2012
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოქალაქეებს უცხო ქვეყანაში გამგზავრებამდე, აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის გაცნობისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მალაიზიაში დაკავებული ქართველების მდგომარეობის კომენტირებისას განუცხადა.

"ყველა ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვთხოვ, სანამ სხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, კარგად გაეცნონ მის კანონმდებლობას. ნუ ჩაიყენებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ სახელმწიფოს მათი გამოხსნისთვის ასეთი ძალისხმევა დასჭირდეს" - განაცხადა მან.

გრიგოლ ვაშაძემ ამასთან თავის ყველა კოლეგას, რომელებმაც მალაიზიაში საკითხს უშუამდგომლეს, მადლობა გადაუხადა. ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას ძალისხმევა არ დაუშურებია ქართველი მოქალაქეების საკითხი დადებითად გადამწყდარიყო.

ნარკოტრეფიკის ბრალდებით მალაზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ, როგორც ამას მალაიზიის კანონმდებლობა ითვალისწინებს. მათ პატიმრობა შეეფარდათ. ქართული მხარე დაკავებულების საქართველოში ექსტრადირების საკითხზე მუშაობს.




ბეჭდვა