გრიგოლ ვაშაძე - შემთხვევითი არ არის, რომ სწავლება „კავკასია 2012“ ჩვენს არჩევნებს ემთხვევა
გრიგოლ ვაშაძე - შემთხვევითი არ არის, რომ სწავლება „კავკასია 2012“ ჩვენს არჩევნებს ემთხვევა
14:45 03.04.2012
შემთხვევითი არ არის, როცა სტრატეგიული სამხედრო სწავლება „კავკასია 2012“ ისეა დაგეგმილი, რომ მისი პიკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდს ემთხვევა.  აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გააკეთა.
მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ დაგეგმილი აღნიშნული წვრთნები გაცილებით უფრო მასშტაბური ანალოგია იმ სწავლებისა, რომელიც 2008 წელს მან სამხედრო აგრესიის წინ მოაწყო.
„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მოსკოვს ღია მოწოდებით, რომ განგვიმარტონ, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული სწავლება. მასში კავკასიაში ყველა ის შეიარაღებული ძალებია ჩართული, რომელთაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი მიუწვდება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვისგან საქართველოს ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.
„ამ საკითხით შეშფოთებულია არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა. ბევრმა ქვეყანამ მოსკოვში უკვე დააფიქსირა დემარში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთი კავკასიაში ფართომასშტაბიან სტრატეგიულ სამხედრო სწავლება „კავკასია 2012-ის“ მოწყობას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩატარდება. ოფიციალური რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ საშტაბო სამეთაურო სწავლებაა და სხვა მიზანს არ ემსახურება.

ბეჭდვა