თბილისის მერიამ ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის ღამის გასათევის გამოყოფა გადაწყვიტა
თბილისის მერიამ ყინვების პერიოდში უსახლკაროებისთვის ღამის გასათევის გამოყოფა გადაწყვიტა
12:35 13.02.2012
თბილისის მერის, გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, ყინვების პერიოდში ქალაქის ყველა რაიონში მდებარე თითო უფასო სასადილოში უსახლკაროებისთვის ღამის გასათევი ადგილი გამოიყოფა, სადაც მათ ცხელი სადილის მიღების საშუალებაც ექნებათ.
ამ ინიციატივით თბილისის მერი დღეს, მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში სტუმრობისას გამოვიდა, სადაც ყინვების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა. ოფიციალური ინფორმაციით, ყინვების შემდეგ სხეულის მოტეხილობებისა და მოყინვის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. თბილისის მერის ინიციატივით, ყველა იმ ადამიანის მკურნალობას, ვინც უამინდობასთან დაკავშირებით ტრამვული დაზიანება მიიღო და დაზღვეული არ არის, მერია სარეზერვო ფონდიდან აფინანასებს.
პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე მკურნალობის სრულ კურსს 250 ადამიანი გადის. დღეს გიგი უგულავამ თბილისის მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში ყველა ის პაციენტი მოინახულა, რომლებმაც სხეულის დაზიანებები უამინდობასთან დაკავშირებით მიიღეს. მათ შორის სამი უსახლკარო მოქალაქე სხეულის მოყინვის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ხოლო 9 დაზარალებული სტაციონარში წევს. თითოეული მათგანის მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია აანაზღაურებს.
გეგმავდა თუ დედაქალაქის ხელისუფლება უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრების გამოყოფას, ამ საკითხით "ნიუსპრესი" რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ დროებითი თავშესაფრების გამოყოფა არ იგეგმებოდა. მათივე თქმით, უსახლკაროებს შეუძლიათ ბინის ქირის გამოყოფის თხოვნით საკუთარ გამგეობებს მიმართონ.
უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრები რამდენიმე ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფუნქციონირებს. მათ შორისაა უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
თბილისში ძლიერი ყინვების გამო უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა.


ბეჭდვა