საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" შექმნის იდეა მოქალაქეების საარჩევნო ყუთთან მოზიდვაა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილა განუცხადა.
"მოძრაობის წევრთა პარტიული სისტემიდან განრიდება იმის მიმანიშნებელია, რომ მათი ინტერესი არა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ არჩევნებია. ეს კი - ამომრჩევლებთან მათი ურთიერთობისას სანდოობის მაღალი ხარისხის მატარებელი იქნება" - განაცხადა ექსპერტმა.
ცისკარიშვილი გამორიცხავს ლიგის რომელიმე პოლიტიკური ძალის რუპორად გადაქცევას და აცხადებს, რომ მისი წევრების პოპულარობა და პოზიცია, საზოგადოებაში მეტი აქტიურობის კატალიზატორი იქნება.
მისი აზრით, არსებული პრობლემის მიმართ ლიგის წევრთა დამოკიდებულება ყველა ოპოზიციური პარტიის ინტერესებშია.
"ხელისუფლებას მისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მას ურჩევნია მთელმა საქართველომ იმ კვირა დღეს მიიძინოს და სააჩევნო უბანზე მისვლის სურვილი არავის ჰქონდეს" - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩევლთა ლიგის" პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ლიგას ყოფილი დეპუტატი კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ნანა შონია და გოგა ხაინდრავა.
