საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს საგურამოში ლუდის მწარმოებელი ქარხანა "ზედაზენი" გახსნა.
"საქართველოს ახალი საწარმოები სჭირდება. ყოველი ასეთი საწარმო დიდ წარმატებასთან და უკეთეს მომავალთან გვაახლოვებს და უფრო მეტად გვაშორებს ჯერ კიდევ არსებულ სიღარიბეს და უმუშევრობას" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტურისტთა ნაკადის ზრდასთან ერთად, საჭიროა ადგილობრივი მრეწველობის მეტად განვითარება და მეტი გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანას შესწევს იმის უნარი, რომ 2015 წლამდე უმუშევრობის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საინჟინრო-ტექნიკური სფეროს განვითარებაზე.
"ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ. ჩვენი ეკონომიკა და განვითარების ტემპი გვაძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობა არის გარანტი იმისა, რომ ეს ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება" - განაცხადა სააკაშვილმა.
