საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და გაერო-ში აფრიკის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ სიტუაციას შეეხო.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხო, კერძოდ, იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა.
"მხედველობაში მაქვს ძალის არგამოყენებაზე იურიდიული ვალდებულება, ასევე, ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება" - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ საქართველოს არ შეხებია, კონფლიქტების, ჯანდაცვისა და განათლების კუთხით, აფრიკის ქვეყნების პრობლემებიც განიხილებოდა.
"ჩვენმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფრიკელი სტუდენტებისთვის საქართველოში სწავლა ხელმისაწვდომი იყოს" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
