საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ტიუმენის ოლქის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
სამინისტრო ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
ავიაკომპანია "უტაირის" თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის ტიუმენის ოლქიდან სურგუტში რეისს ასრულებდა, აფრენის დროს ჩამოვარდა.
ტიუმენის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 32 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 11 გადარჩა. გარდაცვლილია თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი. კატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დგინდება.
