პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" "ფორბს ჯორჯიას" ყოფილ მთავარ რედაქტორს რევაზ საყევარიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, "ფორბს ჯორჯიას" მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ კონფლიქტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა - სიცრუეა.
"მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არაკომპეტენტური და საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" მხარდაჭერას უცხადებს რევაზ საყევარიშვილს და ყველა ჟურნალისტს ვისთვისაც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია ძვირფასია" -განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული გამოცემის ურთიერთქმედების ნამდვილი მიზეზია - ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტიურობის დაბლოკვა.
ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე საზოგადოებაში ამ ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი იარსებებს, კოალიცია მასთან თანამშრომლობაზე თავს შეიკავებს.
როგორც ცნობილია, რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, თანამდებობა მან ბიზნესმენ ივანიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნების პროცესში ბარიერების შექმნის, კერძოდ, დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სააქციო საზოგადოება "მედია პარტნერსი" კი, რომელიც ჟურნალ "ფორბს ჯორჯიას" საგამომცემლო უფლების მქონეა, ყოფილი რედაქტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი მხრიდან საგამომცემლო ეთიკის უხეშ დარღვევას ასახელებს.
