კალანდაძე - საქართველოს მთავარ მოთხოვნად რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებების აღება რჩება
კალანდაძე - საქართველოს მთავარ მოთხოვნად რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებების აღება რჩება
12:52 02.04.2012
"ჟენევის მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი შერეული შედეგით დასრულდა, თუმცა, ქართული მხარის მთავარ მოთხოვნად მაინც რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ  ვალდებულებების აღება რჩება" - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებაზე რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქართულ მხარეს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა "კავკასია 2012", მხოლოდ ოპერატიულ-საშტაბო სწავლების ხასიათს ატარებს.
"ვიმედოვნებთ, რომ განცხადებას ოფიციალური მოსკოვიც გააკეთებს და ამ ინფორმაციას დაადასტურებს" - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან "კავკასია 2012"-ის სახელით ცნობილ ფართომასშტაბიან წვრთნებთან დაკავშირებით, რუსეთის ოფიციოზის მხრიდან გაძლიერდა აგრესიული რიტორიკა და პარალელურ რეჟიმში - სამხედრო მობილიზაცია.
როგორც ცნობილია, რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით გეგმავს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უნდა ჩატარდეს.

ბეჭდვა