საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავარი სასაუბრო თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რეგიონალური თანამშრომლობა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა იყო.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა საკუთარი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკების პროცესსა და ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში.
ბორისოვი თბილისს დღეს ესტუმრა. იგი თავის ქართველ კოლეგას ნიკა გილაურს შეხვდა, რომლის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქართველო და ბულგარეთი ენერგეტიკის, გაზისა და ტრანსპორტის სფეროებში რამდენიმე ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, საუბარია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე საქართველოსა და თურქეთის გავლით.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამ საკითხში ბულგარეთის მხარდაჭერაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან და ჩვენს შორის წარმოქმნილი გაუგებრობა ხელოვნურადაა შექმნილი.
