პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომას გამართავს, რომელიც სასესიო კვირის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება, რის შემდეგაც დეპუტატები მუშაობას შეუდგებიან.
რაც შეეხება ბიუროს სხდომას, წინასწარ ცნობილია, რომ დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იქნება. დეპუტატებს პირველ სასესიო კვირას რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მოუწევთ მსჯელობა, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები და საგადასახადო კოდექსის პროექტი. დეპუტატებს რამდენიმე ხელშეკრულების რატიფიცირებაც მოუწევთ.
პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პარლამენტს ეწვევა და ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს თებერვალში ეწვევა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
