პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ხშირად უნდა ტარდებოდეს
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნაში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ხშირად უნდა ტარდებოდეს
22:52 31.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაც შეიძლება მეტი კვლევა უნდა ჩაატარონ და ხშირად გამოიკითხონ საზოგადოების აზრი.  ამის შესახებ მან ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ სარიუშ ვოლსკთან და ევრონესტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენი სურვილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბევრი კვლევა ჩაატარონ და საფუძვლიანად გამოიკითხონ საზოგადოებრივი აზრი, რათა უცხო ქვეყნის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს არჩევნების დღეს საზოგადოების აზრით მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს. ყოველ კვირას ან ყოველ თვეს მაინც უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივ აზრის კვლევა“- აღნიშნა მან.
მისი თქმით, საჭიროა დაკვირვება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, მასმედიისა და საარჩევნო პროცესის მონიტორინგი; ასევე, მნიშვნელოვანია პარტიების დაფინანსების გაკონტროლება საერთაშორისო ინსტრუმენტების მეშვეობით.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ევროპარლამენტართა მიმართ, რომელთა ძალისხმევითაც ევროპარლამენტმა ძალიან სწორი და მკვეთრი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა და საქართველოში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს სამართლიანი შეფასება მიეცა“- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ საკითხების, რეკომენდაციებისა და ანგარიშის თაობაზე იმსჯელეს, რომლებიც ევრონესტის პლენარულ სესიაზე უნდა განიხილონ. გაფართოებულ შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დეპუტატი და ქართველი კოლეგები ესწრებოდნენ. აღნიშნული ჯგუფი ქართველ დეპუტატებთან ერთად, ხვალ ბაქოში გაემგზავრება, სადაც ევრონესტის პლენარულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას.

ბეჭდვა