„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ბათუმში მსვლელობა გამართეს, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ მსვლელობით დრამატული თეატრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
„ქრისტიან-დემოკრატები“ კატეგორიულად მოითხოვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოსა და თურქეთის მიერ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას.
პარლამენტარ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს იუნესკოს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ოშკისა და იშხანის ტაძრების აღდგენას.
მსვლელობის მონაწილეთა განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია აზიზიეს მეჩეთის აშენება ბათუმში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება გაჩნდება და ქართველი მუსულმანები მოითხოვენ მეჩეთის აშენებას, ეს საკითხი სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გადაწყდეს.
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ კატეგორიულად მოითხოვეს მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვა. „წინააღმდეგ შემთვევაში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატი დაირღვევა“ - განაცხადა ახვლედიანმა.
