აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება
10:23 31.03.2012
აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარემ მურმან დუმბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია საინფორმაციო ხასიათის იქნება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ არის ინიცირებული და მასში ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქიდან ჩასული პოლიტიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.

დუმბაძის ინფორმაციით, აქცია გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 14:00 საათზე დაიწყება. აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსები არ გამოვლენ და მონაწილეებს მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები მიმართავენ.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობისგან განზრახულობათა ოქმის შინაარსის გამოქვეყნებას მოითხოვენ, რომლის მიხედვით, ის თურქეთის ხელისუფლებასთან დოკუმენტზე ხელმოწერას გეგმავს.

„ვიდრე დოკუმენტის შინაარს არ გავიგებთ, მანამდე გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლებელია. აქციების პერმანენტულობა მისი შინაარსის გამოქვეყნებაზე იქნება დამოკიდებული“ - განაცხადა დუმბაძემ.

აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების სურვილი გენერალ მაზნიაშვილის ჯარისკაცების საფლავთან 4 მარტს, საზეიმო წირვის შემდეგ, იქ შეკრებილმა საზოგადოების ნაწილმა გამოთქვა.

ბეჭდვა