აშშ-ის საელჩო საქართველოში - NDI-ის კვლევა აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია
აშშ-ის საელჩო საქართველოში - NDI-ის კვლევა აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია
22:23 30.03.2012
ამერიკის საელჩო საქართველოში NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩო განმარტავს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ“ – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, აშშ-ის მთავრობას არ დაუფინანსებია.
მათი განმარტებით, მსგავსი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად.
„კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს.დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
NDI-მა პოლიტიკური პარტიების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი რეიტინგები 23 მარტს გამოაქვეყნა. მან საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა კვლევის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა.

ბეჭდვა