საქართველოში კანადის არარეზიდენტმა ელჩმა ჯონ ჰოლმსმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კანადის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯონ ჰოლმსმა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი პრეზიდენტის რეზიდენციაში 2012 წლის 2 აპრილს არის დაგეგმილი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯონ ჰოლმსმა შეხვედრები რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან აკაკი მინაშვილთან გამართა.
ვიზიტის განმავლობაში კანადის ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდება.
