„მემარჯვენეები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
„მემარჯვენეები“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
18:50 30.03.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, დღეს ერთ–ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმღძვანელი გიგი იმერლიშვილი კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
მათი თქმით, კახეთის მოსახლეობის უმეტესობა გზის პრობლემას უჩივის. სოფელ ჩუმლაში მწყობრიდან არის გამოსული წყლის სათავე-ნაგებობა, ამიტომაც, სოფელი უწყლოდაა.
„ჩვენ დავდივართ სოფელ–სოფელ და უშუალოდ ვეცნობით მოსახლეობის პრობლემებს. უნდა ითქვას, რომ სოფლის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ მხრივ, არც გურჯაანია გამონაკლისი. ხელისუფლებას სოფელი მიტოვებული ჰყავს“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე და ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დღეს სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ სოფლის პროგრამისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი მილიონები არაეფექტურად და გაუმჭვირვალედ იხარჯება. გარდა ამისა, სოფლებში სერიოზული პრობლემა უმწეოთა სტატუსის მინიჭების არაობიექტურობა და ამ სფეროში უსამართლობაა. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა აცხადებს, რომ დახმარებას იღებენ ის ადამიანები, ვისაც ეს რეალურად არ სჭირდება.
„სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი იყო ბიუჯეტის მხოლოდ 3,6 პროცენტი, ხოლო დასვენება–კულტურა და ბიუროკრატიული ხარჯებისთვის – 35, 1 პროცენტი, ანუ ათჯერ მეტი“- განაცხადა გამყრელიძემ.



ბეჭდვა