ტელეკომპანია „მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური სტაჟიორ თამარ კვარაცხელიასთვის თანამშრომლობაზე უარის თქმასთან პოლიტიკურ კავშირს უარყოფს.
როგორც ბექაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, თამარ კვარაცხელია „მეცხრე არხზე“ სტაჟიორი იყო.
მისი განმარტებით, ტელეკომპანიაში მუშაობის დაწყების მსურველთა უამრავი რეზიუმე შედის. მათ ჯერ გასაუბრება უტარდებათ, შემდეგ სტაჟირების პერიოდი უნდა გაიარონ, მომდევნო ეტაპი გამოსაცდელი ვადით თანამშრომლობაა და ამის შემდეგ ხდება კონტრაქტის გაფორმება.
„ამ პროცესის რომელიღაც ეტაპზე გადაწყდა, რომ თამარ კვარაცხელია აღარ აგვეყვანა. ტელეკომპანიაში უკვე 3000-მდე რეზიუმე შემოვიდა და შეუძლებელია ყველა მივიღო“ - განაცხადა ბექაურმა.
რაც შეეხება თამარ კვარაცხელიას განცხადებას, თითქოს არხიდან მისი გაშვება მამის, ვალერი კვარაცხელიას მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდება, ბექაური სასაცილოს უწოდებს.
„ქუჩაში გამვლელ ადამიანსაც შეუძლია თქვას, რომ არხზე რეზიუმე გავაგზავნე და, რომ არ ამიყვანეს ამას პოლიტიკური სარჩული ედოო. ასე შეუძლია თქვას ყველამ ვინც რეზიუმე გამოგზავნა. ეს სასაცილო და ანეგდოტია“ - განაცხადა ბექაურმა.
ჟურნალისტმა „მეცხრე არხიდან“ მისი გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
თამარ კვარაცხელიას განმარტებით, მამამისმა ვალერი კვარაცხელიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კოალიცია „ქართულ ოცნების“ მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა. ორ დღეში კი, ის კახა ბექაურმა და ირაკლი ტრიპოლსკიმ დაიბარეს და აუხსნეს, რომ ამ ეტაპზე მასთან კონტრაქტს არ გააფორმებენ.
„ამის შემდეგ, ბექაურის კომენტარს ვისმენ, რომ ასეთ თანამშრომელს თურმე საერთოდ არ იცნობდა. სასაცილო სწორედ მისი ეს განცხადებაა“ - განუცხადა კვარაცხელიამ „ნიუსპრესს“.
