მაია ფანჯიკიძე - კვლევის წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია ჩატარების მეთოდისა და წარდგენის ფორმა
მაია ფანჯიკიძე - კვლევის წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია ჩატარების მეთოდისა და წარდგენის ფორმა
17:56 30.03.2012
სოციოლოგიური კვლევის წინააღმდეგი არავინ არის, მთავარია როგორ ჩატარდება კვლევა და რა ფორმით მოხდება მისი პრეზენტაცია.  ეს განცხადება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
ფანჯიკიძემ განმარტა, თუ რატომ შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის ობიექტურობაში ეჭვი. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ შედეგები უცნაური ფორმით გამოქვეყნდა.
„ფაქტია, რომ ნაწილ-ნაწილ და უცნაური ფორმით ვიღებთ კვლევის შედეგებს. ძალიან ბევრი კითხვა დარჩა ღიად. არსებობს კვლევის გამოქვეყნებული და არგამოქვეყნებელი ნაწილები. საეჭვოა ის პროცედურებიც, რომლითაც ეს კვლევები მიმდინარეობადა“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, NDI-ს და IRI-ს კვლევებმა საარჩევნო პროცესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მოსახლეობის უკმაყოფილება და აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ ნდობის დაკარგავა გამოიწვია.
პრესსპიკერის განმარტებით, „ქართულ ოცნებაში“ საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე საკუთარი მონაცემები აქვთ, რომელიც არა სოციოლოგიურ კვლევებს, არამედ მათთან შეხვედრებს ეფუძნება და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულია.
ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე აშშ-ს ელჩის ჯონ ბასისადმი გაგზავნილი წერილი უბრალო მიმართვა იყო.
„NDI და IRI აშშ-ს საგარეო უწყებას ექვემდებარებიან. მათი საწყისიდან გამომდინარე შეირჩა, რომ წერილის ადრესატი ჯონ ბასი ყოფილიყო. ეს იყო უბრალოდ მიმართვა, რომელიც შეიძლება მან გაიზიაროს ან არა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც "ქართული ოცნება" ამერიკელ დიპლომატს მიმართავს საპარლამენტო არჩევნებამდე NDI-მ და IRI-მ სოციოლოგიური კვლევების ჩატარება შეწყვიტონ.

ბეჭდვა