„ეს შენ გეხება“ პარლამენტში კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგებს აქვეყნებს
„ეს შენ გეხება“ პარლამენტში კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგებს აქვეყნებს
17:14 30.03.2012
კამპანია „ეს შენ გეხებამ“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით იმ საკითხების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელიც კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის შეთანხმების შედეგად უნდა შეიცვალოს.
მათი ინფორმაციით, ცვლილებები სხვადასხვა საკითხს ეხება, მათ შორის პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება კანონში აღარ ისარსებებს; პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება, პირს შეზღუდვები დაუწესოს; მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება; განისაზღვრება ვადა თუ როდემდე შეიძლება პირზე კონტროლის პალატის მიერ დაწესებული შეზღუდვები ვრცელდებოდეს; პარტიებისთვის შემოსავალზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება; განისაზღვრა დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხარჯების ზედა ზღვარი.
ასევე, ცვლილების შესაბამისად, თუ პრტიის შემოწირულობამ 500 000 ლარიან ლიმიტს გადააჭარბა, კონტროლის პალატა პარტიას ამ დარღვევის შესახებ აცნობებს და თუკი იგი ამ შემოწირულობას 5 დღის ვადაში შემომწირველს დაუბრუნებს, არც მას და არც შემომწრველს ჯარიმა არ დაუწესდება; კონტროლის პალატისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადა პარტიებს 3-5 დღემდე გაეზრდებათ; ასევე, კონკრეტულად განისაზღვრა კონტროლის პალატის მიერ პირისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და პირზე შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი; გაუქმდა ნორმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია შეჩერებოდა, რაც არჩევნებიდან მოხსნის ტოლფასი იყო.
გარდა ამისა, კონტროლის პალატა პირის ქონებას ყადაღას ერთპიროვნულად ვეღარ დაადებს და ეს სანქცია მხოლოდ სასამართლომ უნდა დაადასტუროს. ასევე კონკრეტული პირისთვის ყადაღის დადება მხოლოდ სადავო თანხებზე შეიძლება და არა მის მთელ ქონებაზე; ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე დახმარების გაწევისთვის და ამომრჩევლის მიერ ამ თანხის ფარგლებში დახმარების მიღებისთვის არც პარტიას და არც ამომრჩეველს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებათ; დახმარების მოთხოვნისთვის კი, ამომრჩეველზე არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის განხილვის ყველა ეტაპზე პარლამენტი სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებულ დებულელებს მთლიანად გაითვალისწინებს და მათ კანონის სახეცვლილ ვერსიაში სრულად ასახავს.
მათივე ინფორმაციით, კამპანია საქმიანობის მეორე ეტაპზე მეტწილად კონტროლის პალატის საქმიანობის მონიტორინგზე და საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე იქნება ორიენტირებული.
პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით - 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.

ბეჭდვა