უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს ე.წ. „ატკატების“ სქემით მოქმედებაში ადანაშაულებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ადამიანები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში გახორციელებულ ცვლილებებს „ატკატებისთვის“ ხელის შეშლის გამო ებრძვიან.
დეპუტატის თქმით, ე.წ. პრემიების გაცემა იმ მიზნით ხდება, რომ შემდგომში მისი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს დაუბრუნდეს, რაც „ატკატია“.
„არც ერთ სახელმწიფოში არ არის დაშვებული, რომ პოლიტიკური აქტივობა დიდ ფულთან იყოს მიბმული. როცა პოლიტიკურ პარტიას ერთი მდიდარი ადამიანი აფინანსებს, პარტიის მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების სისტემა ირღვევა, რადგან ის არა საზოგადოებაზე, არამედ ამ მდიდარ ადამიანზე ხდება დამოკიდებული“ - აღნიშნა მინაშვილმა.
პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით - 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.
