პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს
პარტიების შესახებ კანონში ცვლილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს
16:03 30.03.2012
პარლამენტმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით - 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.
ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ „დაკავშირებული პირის“ ცნება კანონში აღარ იქნება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა სხდომაზე საკითხის პირველი მოსმენით განხილვაზე განაცხადა, ცვლილებების მიუხედავად, კანონის არსი იგივე რჩება.
ცვლილებებით, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება.
ასევე, ამომრჩეველს პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება. შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა.
არასამთავრობო სექტორსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შორის ცვლილებებთან დაკავშირებული კონსულტაციები ერთ თვეზე მეტი ხანი მიმდინარეობდა.







ბეჭდვა