“დემოკრატიულ მოძრაობა“ ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშით იმედგაცრუებულია
“დემოკრატიულ მოძრაობა“ ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშით იმედგაცრუებულია
15:39 30.03.2012
პოლიტიკურ პარტიაში „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.

როგორც დღეს პარტიის სათათბიროს წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განაცხადა, ომბუდსმენი 2011 წლის ანგარიშში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემაზე ბევრს საუბრობს, თუმცა, რეალურ პრობლემებთან შედარებით, ის ნაკლებად მტკივნეულია.

ტაბატაძის განცხადებით, ომბუდსმენმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ადეკვატური და ოპერატიული რეაგირება მოახდინა და ხელისუფლების მიერ დაზარალებულ „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტებს დიდი დახმარება გაუწია. თუმცა, მისივე განმარტებით, უცნაურია, რომ 2011 წლის ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი 26 მაისის მოვლენების თაობაზე ობიექტურ რეალობას სრულყოფილად არ ასახავს.

„ანგარიშში არ არის აღნიშნული, რომ 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციებს მოქალაქეთა სიკვდილი და პოლიტიკური ნიშნით ასობით აქტივისტის უკანონოდ დაპატიმრება მოჰყვა. დღემდე, საპატიმროში 42 მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უკანონოდ იხდის სასჯელს“- განაცხადა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, თავად ბესიკ ტაბატაძემ 26 მაისის აქციების დარბევის დროს თვალი დაკარგა და ამის შესახებ თავად აცნობა სახალხო დამცველს.

„მისგან ადეკვატური რეაგირება იყო, საპასუხო წერილი მოვიდა და შემდეგ საქმე პროკურატურასაც გადაეგზავნა. თუმცა, ეს ყველაფერი ამით დასრულდა და ჩემი დაზარალების ფაქტი, როგორც აქციების დროს დაზარალებული ბევრი სხვა აქტივისტის, ომბუდსმენის ანგარიშში ვერ მოხვდა“ - განაცხადა ტაბატაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობა“ სახალხო დამცველსა და ქვეყანაში მოქმედ უფლებათადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს ხელისუფლების ზღვარგადასულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ.

ბეჭდვა