ბიძინა ივანიშვილის გუნდს მომავალი პერსპექტივისთვის რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობის“ ლიდერმა ანზორ აბრალავამ გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მოსაზრება ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური კონსენსუსისა და სოციალ-ეკონომიკური ვითარების საკითხებზე.
„ივანიშვილისგან ჯერ ასეთი პროგრამა არ მოგვისმენია. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მათგან პასუხს მოვითხოვ“- განაცხადა აბრალავამ.
მისი თქმით, ფული პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ მთავარია ის სწორად იყოს მიმართული.
„სოლიდარობის“ ლიდერი NDI-ს კვლევებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში სოციოლოგიური კვლევები დიდ ნდობას არ იწვევს, რადგან იგივე საკითხზე სხვადასხვა მონაცემები ქვეყნდება.
„ამიტომ ჩვენ არა სოციოლოგიური კვლევებიდან, არამედ საზოგადოების განწყობიდან უნდა ამოვიდეთ“- განაცხადა აბრალავამ და აღნიშნა, რომ დიდი ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე ხელისუფლების დამარცხება რთული იქნება.
