აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების გამო პარლამენტმა განცხადება მიიღო
აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების გამო პარლამენტმა განცხადება მიიღო
14:50 30.03.2012
აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ განცხადება მიიღო.
განცხადების შინაარსი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა გააცნო.

განცხადების თანახმად, პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზიანდება.

"მსგავსმა "რესტავრაციამ" უკვე გამოიწვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურებაა" – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას, შეწყვიტონ აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები.

პარლამენტი რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იუნესკო-სა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები დაუშვას.

ბეჭდვა