"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღაურია მისი პარტიისთვის უფასო საეთერო დროის ჩამორთმევის საფრთხეს ხედავს. ამის შესახებ დეპუტატმა განცხადება "მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის დროს გააკეთა.
ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, კანონში ახალი ჩანაწერი ჩნდება, რომლის მიხედვითაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გარკვეული შედეგის მქონე პარტია მიიღებს.
მისივე თქმით, "ქართულ დასს" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და მას მომავალ არჩევნებისთვის უფასო საეთერო დრო უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით უნდა ჰქონოდა.
ბაღათურიას განმარტებით, უფასო საეთერო დრო ექნება "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" "მოკავშირე და სატელიტ პარტიას", რომელიც არჩევნების წინ თავად "ქრისტიან-დემოკრატებმა შექმნეს"
ამ თემაზე ჯონდი ბაღათურიამ და იურიდიულ სკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე იდავეს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განმარტებით, არც ერთ პარტიას ახალი ჩანაწერის მიხედვით, აქამდე არსებული უფლება არ ჩამოერთმევა.
მისი თქმით, ახალი ჩანაწერით უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პარტიებსაც, რომლებიც აქტიურობენ და შედეგი აქვთ. ასეთ პარტიად პავლე კუბლაშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
