კონტროლის პალატა სამხედრო ჟანდარმერიად გადაიქცა - ეს განცხადება ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის დროს გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა კონტროლის პალატას უზარმაზარი უფლებამისილება მიანიჭა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ტერორი გააჩაღა. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები კონტროლის პალატას ამოფარებული აწარმოებდნენ მოქალაქეების დაკითხვას და მათ შეურაცყოფას აყენებდნენ.
მისი შეფასებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი მაშინ დაიწერა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და "ქართული ოცნება" შეიქმნა.
"ეს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე მიმართული იყო ერთი პოლიტიკური გაერთიანების, ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რომლის გააქტიურება თქვენ ვერაფრით ვერ გადაიტანეთ. ამიტომ, შექმენით უკუღმართი კანონი" – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონზე ოპოზიციას შენიშვნები აქვს. კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით მიმდინარეობს.
