აფხაზეთში ისტორიული ძეგლების დაზიანებაზე პარლამენტმა განცხადება მოამზადა
აფხაზეთში ისტორიული ძეგლების დაზიანებაზე პარლამენტმა განცხადება მოამზადა
11:47 30.03.2012
აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების გამო პარლამენტმა განცხადება მოამზადა, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ზიანდება.
"მსგავსმა "რესტავრაციამ" უკვე გამოიწვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის წმ. გიორგის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურებაა" – ნათქვამია განცხადების პროექტში.
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას შეწყდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები.
პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იუნესკო-ს და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების დაშვება მოხდეს.

ბეჭდვა