ხვალ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია იწყება
ხვალ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია იწყება
14:29 12.02.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის ხვალიდან რეგისტრაციას იწყებს.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა მითითებული, პედაგოგთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ყველა საგნის პედაგოგს აქვს. დარეგისტრირება შეუძლია უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბაროს. წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასი 75 ლარით გაეზრდებათ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი - 200 ლარით. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25% - ში მოხვდებიან, მათი ხელფასი 1000 ლარს მიაღწევს.

ბეჭდვა